საქართველოს და ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პირველი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

28.05.2019 . ადის-აბება - ეთიოპიის დედაქალაქში გაიმართა  პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი საქართველოს და ეთიოპიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ეთიოპიის მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დოქტორი მარკოს ტეკლე.

კონსულტაციებზე მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია საქართველოსა და ეთიოპიაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების შესახებ, ინფორმაცია რეგიონული სირთულეების, მიმდინარე მოვლენების და თანამშრომლობის შესახებ, საქართველოს და ეთიოპიის წინაშე მდგარი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები და მათი მოგვარების გეგმები.  ასევე განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების ძირითადი საკითხები და გზები, მათ შორის, ორმხრივი სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის განვითარება, თანამშრომლობის გააქტიურება კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროში და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

მხარეებმა დაადასტურეს თავიანთი ერთგულება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობის პრინციპებისადმი და შეთანხმდნენ ორმხრივი კონტაქტების გააქტიურებაზე ყველა შესაძლო მიმართულებით.