საქართველოს და ინდონეზიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

22.05.2018 ქ. თბილისი - საქართველოს და ინდონეზიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მე-5 რაუნდი, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე, გიორგი შარვაშიძე.

კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში მდგარი საკითხები. საუბარი შეეხო პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურის სფეროებში, ასევე საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას.  

მხარეები მიესალმნენ, ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში მზარდ თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა საჯარო სერვისების სფეროში საქართველოს მიღწევების და რეფორმების გაზიარების მიზნით არსებულ აქტიურ და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, რომელიც ინდონეზიის მთავრობის განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენს. აღინიშნა, როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი დონის წარმომადგენლების ვიზიტების ორგანიზების მნიშვნელობა, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს საქართველო-ინდონეზიის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გააქტიურების და ამ მიზნით თანამშრომლობის ახალი ფორმატების დანერგვის პერსპექტივას.  გამოითქვა ორმხრივი მზადყოფნა აღნიშნული მიმართულებით არსებული შესაძლებლობების შესასწავლად და ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად.

საუბარი აგრეთვე შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ორი ქვეყნის პარტნიორობას და ამ მიმართულებით არსებულ სამომავლო პერსპექტივებს, მათ შორის სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციასთან (ASEAN) საქართველოს დაახლოების შესაძლებლობებსა და ამ მიმართულებით ინდონეზიასთან თანამშრომლობის საკითხებს.