საქართველოს და ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მე-6 რაუნდი გაიმართა

2019 წლის 29 იანვარს ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მე-6 რაუნდი საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შორის. ქართულ მხარეს წარმოადგენდა ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი, ბატონი გრიგორ ტაბატაძე, ხოლო ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან - საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორის მოადგილე ევრაზიის საკითხებში,  ბატონი ალექსანდერ ბენ ცვი.
 
კონსულტაციებზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული ყველა აქტუალური საკითხი. ხაზი გაესვა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის მკვეთრად გააქტიურებულ ურთიერთობებს მრავალი მიმართულებით, რაც მოიცავს თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და სხვა სფეროებში. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის და სამართლებრივი ბაზის განვითარების მზარდი დინამიკა. კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა დასახეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთობების შემდგომი განვითარების გეგმები.