საქართველოს და სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

31.03.2017  - ​2017 წლის 31 მარტს, ბელგრადში საქართველოს და სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, მინისტრის მოადგილეების დონეზე,  პირველი ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა ვახტანგ მახარობლიშვილი, სერბეთის მხრიდან - გორან ალექსიჩი. 

კონსულტაციების ფარგლებში აღინიშნა საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საჭიროებაზე. ამ კონტექსტში, მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო პერსპექტივებზე, აქცენტი გაკეთდა მაღალი დონის ვიზიტების გამართვის მნიშვნელობაზე და სექტორული თანამშრომლობის გააქტიურების საკითხზე. განსაკუთრებულად აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების აუცილებლობა. ამ კუთხით, ყურადღება გამახვილდა მ/წლის 8-9 მაისს, თბილისში დაგეგმილ პირველ ქართულ-სერბულ ბიზნეს ფორუმზე, როგორც ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მნიშვნელოვან ინსტრუმენტზე. ასევე მხარეების მიერ დაფიქსირდა ორმხრივი სამართლებრივი ბაზის გამდიდრების საჭიროება, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით მიმდინარე პროცესებს. გორან ალექსიჩმა მიულოცა საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება. საქართველოს მხარემ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დაწესების პოლიტიკურ ღირებულებაზე. ასევე, გაჟღერდა სერბეთის მხარის გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებისათვის  სავიზო მოთხოვნის გაუქმების შესახებ. სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ კუთხით უკვე დაწყებულია  შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები.

ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლიერება გამოხატა სერბეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და თავის მხრივ, სერბეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საქართველოს მხარდაჭერა დააფიქსირა.

მხარეებმა  ასევე ისაუბრეს შავი ზღვის და ბალკანეთის რეგიონებში მიმდინარე პროცესებზე და საერთაშორისო დღის წესრიგით გათვალისწინებულ აქტუალურ თემებზე. სხვა მიმართულებებთან ერთად, განხილულ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები.

შეხვედრის დასასრულს, მინისტრის მოადგილეებმა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარების შესახებ, მზაობა დააფიქსირეს.