საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

27.09.2017 თბილისი - საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი ჩატარდა მინისტრის მოადგილეების დონეზე.

მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობას, რომელმაც ბოლო წლებში ინტენსიური ხასიათი მიიღო და რაც მიმდინარე წელს საიუბილეო თარიღით - დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილით აღინიშნება.

პოლიტიკური კონსულტაციებისას მინისტრის მოადგილეებმა განიხილეს ორი ქვეყანის  ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის აღინიშნა ეკონომიკური, სავაჭრო და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის მაღალი დინამიკა. ყურადღება დაეთმო რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს,  ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას და ორი ქვეყნის  სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობას.

კონსულტაციებისას საქართველოს მხარემ ყაზახეთის დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ. ასევე, ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის მთავრობის მიერ შემუშავებული ოთხ-პუნქტიანი გეგმის თაობაზე. ყაზახეთის მხარე  გაეცნო განახლებულ ცნობებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებასთან და საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს და რუსეთის ფედერაციას შორის კონფლიქტის დარეგულირების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით. ხაზი გაესვა ყაზახეთის რესპუბლიკის, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრის მნიშვნელოვან როლს კონფლიქტების დარეგულირების და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის საკითხში. შეხვედრისას ყაზახეთის მხარემ კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.