საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ლიეტუვაში

31.05.2019. ლიეტუვა -  ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება. აღნიშნული ღონისძიება ასევე მიეძღვნა საქართველოს და ლიეტუვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) 100 წლის იუბილეს.


მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარემ ვიქტორას პრანცკიეტისმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან ღვაჩლიანმა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ დამოუკიდებელი ლიეტუვის სახელმწიფოს პირველი მეთაური ვიტაუტას ლანდსბერგისი, ლიეტუვის სეიმის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრები, საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, ვილნიუსში აკრედიტებული დიპლომატები, ლიეტუვის კულტურისა და აკადემიური წრეების გამოჩენილი მოღვაწეები, ასევე ქართველი სტუდენტები და ლიეტუვაში არსებული ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

მიღებაზე მიწვეული სტუმრების წინაშე ქართული ხალხური სიმღერების რეპერტუარით წარსდგა ანსამბლი „ქართული ხმები“, ხოლო ქართული ცეკვები შეასრულეს ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „რუსთავის“ წევრებმა. ასევე გაიმართა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 100 წლის იუბილის აღსანიშნავად შექმნილი ფოტოგამოფენის პრეზენტაცია. ღონისძიების განმავლობაში ნაჩვენები იქნა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადებული ვიდეორგოლები „Emotions are Georgia”, “Summer in Georgia” და “For the Best Moments of Your Life”, ასევე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობისთვის, წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ საგანგებოდ მომზადებული ვიდეორგოლი „Georgia made by Characters“.