საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ყაზახეთში საზეიმოდ აღინიშნა

30.05.2017, თბილისი - ყაზახეთის და ყირგიზეთის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და ყაზახეთში საქართველოს საპატიო კონსულების მხარდაჭერით გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 26 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება, რომლის ფარგლებში დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა ქართული ფოლკლორული ანსამბლი „ჰერიო“. მიღებაზე „ჰერიო“-ს სოლისტების მიერ შესრულდა საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული ჰიმნები.

ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ყაზახეთის რესპუბლიკაში, რომელმაც ისაუბრა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში მიღწეულ წარმატებებზე და დასახულ მიზნებზე. ასევე აღინიშნა, ყაზახეთის მხრიდან საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულებისადმი მზარდი ინტერესი, რის გამოც, ყაზახეთის რესპუბლიკის წამყვანი ავიაკომპანიის „ეირ ასტანის“ გადაწყვეტილებით, დამატებით ამოქმედდა ავიარეისები ასტანა–თბილისი-ასტანას მიმართულებით, ხოლო, ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" გადაწყვეტილებით 2017 წლის 10 მაისიდან გაიხსნა რეგულარული ავიარეისები ბათუმი-ასტანა-ბათუმის მიმართულებით. ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრის მოადგილე. 

საზეიმო მიღებაზე გაიმართა ქართული სამზარეულოს მასტერ–კლასი, რომლის ფარგლებშიც ქართველი მზარეულების დახმარებით სტუმრებს საშუალება მიეცათ მოემზადებინათ და დაეგემოვნებინათ ქართული ტრადიციული კერძები. მიღებაზე სტუმრებს ასევე გაუმასპინძლდნენ ქართული ღვინით, მინერალური წყლებითა და ტკბილეულით. 

მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა გაცნობოდა საქართველოს შესახებ ინფორმაციას. საზეიმო ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა ფოტოგამოფენა „Spectacular Georgia“. 

საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ მიღებას ესწრებოდნენ ყაზახეთის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ყაზახეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნესწრეების, კულტურის სფეროს და მასმედიის წარმომადგენლები და ყაზახეთში ქართული დიასპორების წევრები.