ბერლინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

3.07.2019 ბერლინი-  გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში,მერიის ისტორიულ შენობაში,  საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რეპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილმა. სიტყვით გამოსვლისას ელჩმა ყურადღება გაამახვილა მჭიდრო ქართულ-გერმანულ ურთიერთობებზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებზე ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის კონტექსტში და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე.
 
გერმანიაში საქართველოს ელჩის გამოსვლის შემდეგ სტუმრებს გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში, მიხაელ ზიბერტმა მიმართა. მიხაელ ზიბერტმა ისაუბრა გერმანულ-ქართული ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაზე და განსაკუთრებით აღნიშნა ფრანკფურტის წიგნის გამოფენა-ბაზრობის მნიშვნელობა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის.
 
ღონისძიებაზე საქართველოს და გერმანიის ეროვნული ჰიმნები ბერლინის სახელმწიფო ოპერის სოლისტმა გიორგი მჭედლიშვილმა შეასრულა.
 
მუსიკალური ნაწილი გააგრძელა ბენდმა GeoTRAIN-ი, რომელმაც დამსწრე სტუმრებს ქართულ მოტივებზე შექმნილი და მუსიკის სხვადასხვა მიმართულებებით შეჯერებული კომპოზიციები შესთავაზა.
 
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, გერმანიის პარლამენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ქართული დიასპორის და სხვადასხვა ინსტიტუციების წარმომადგენლები.