საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ბრისტოლ-თბილისის დამეგობრების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში

26-28 სექტემბერს, ქალაქ ბრისტოლში შედგა გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოსა და თბილისის მერიის დელეგაციის ერთობლივი ვიზიტი. საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო  ბრისტოლ-ბილისის დამეგობრების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებსა და  შეხვედრებში. ვიზიტის მიზანს ბიზნესის, კულტურის, ტურიზმის, ინოვაციებისა და განათლების სფეროში კავშირების გაღრმავება და თანამედროვე გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

ვიზიტის ფარგლებში ბრისტოლის მერის რეზიდენციაში გაიმართა მიღება, რომელზეც მოწვეულ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა და თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ. საქართველოს შესახებ პრეზენტაცია სამხრეთ დასავლეთ ინგლისში საქართველოს საპატიო კონსულის და ბრისტოლ-თბილისის ასოციაციის თავმჯდომარემ დერეკ პიკაპმა გააკეთა. ღონისძიებაზე კომპანია Gvino-ს თანადამფუძნებელმა დანილო დი სალვომ ქართული ღვინის რამდენიმე სახეობა წარადგინა. საქართველოს დელეგაციას ბრისტოლის Guild of Guardian-ისა და მერის სახელით  ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჯეინ ოკლანდი მიესალმა.

საქართველოს დელეგაციამ ასევე შეხვედრები გამართა ბრისტოლის კრეატიული ინდუსტრიის ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.

ვიზიტის პარალელურად, 26-30 სექტემბერს ბრისტოლში გაიმართა მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „Encounters Film Festival“, რომელზეც წელს პირველად 11 ქართული ფილმი იქნა ნაჩვენები. საქართველო ფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვიეს.

აღნიშნული პროგრამა ორგანიზებულ იქნა სამხრეთ დასავლეთ ინგლისში საქართველოს საპატიო კონსულის და ბრისტოლ-თბილისის ასოციაციის თავმჯდომარის დერეკ პიკაპისა და ბრისტოლის საბჭოს წარმომადგენლის ალიქს ჰიუსის მიერ.

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოდან დელეგაციაში ელჩი თამარ ბერუჩაშვილი და უფროსი მრჩეველი ნელი შიოლაშვილი იყვნენ წარმოდგენილი, ხოლო თბილისის მერიიდან - მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე, მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია და მერიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელი ნინო ბეგლარიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ბრისტოლ-თბილისის დამეგობრების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლი 12 ოქტომბერს ბიზნეს კონფერენციით გაგრძელდება თბილისში. აღნიშნულ ღონისძიებას   თბილისის მერია და თი-ბი-სი ბანკი უმასპინძლებენ.