საქართველოს დელეგაციამ შეხვედრა გამართა პარაგვაის რესპუბლიკის ეროვნული კონგრესის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარესთან, მიგელ ხორხე კუევასთან

16.08.2018 ქ. ასუნსიონი - 2018 წლის 16 აგვისტოს, ქ. ასუნსიონში, ეროვნული კონგრესის სასახლეში, საქართველოს დელეგაციამ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას, პარაგვაიში საქართველოს საგანაგებო და სრულუფლებიანი ელჩის ირაკლი ყურაშვილისა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას მონაწილობით, შეხვედრა გამართა პარაგვაის რესპუბლიკის ეროვნული კონგრესის დეპუტატთა პალატის (პარლამენტის ქვედა პალატა) თავმჯდომარესთან, მიგელ ხორხე კუევასთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარაგვაიში საქართველოს საპატიო კონსული, კონრადო პაპალარდო და პარაგვაის მხრიდან - დეპუტატი მმართველი Colorado-ს პარტიიდან, პარაგვაის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, პარლამენტის საგარეო საქმეთა კომისიის წევრი, ფრედი დ'ეკლესისი.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები. დავით დონდუამ აღნიშნა, რომ პარაგვაისთან და ზოგადად, ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარებას სულ უფრო და უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოში.

აღინიშნა, რომ ქართული მხარე მოხარული იქნება ახლო მომავალში უმასპინძლოს პარაგვაელ პარლამენტარებსა და საქმიანი წრეების წარმომადგენლებს საქართველოში, რათა ადგილზე მოხდეს არსებული პოტენციალის შესწავლა, ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარება და საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების გაზიარება. პარაგვაის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს მთელს რეგიონში, როგორც მნიშვნელოვან ჰაბს და პარაგვაის დიდი ინტერესი აქვს სავაჭრო ურთიერთობები გაზარდოს საქართველოსთან და რეგიონთან.

შეხვედრაზე აღინიშნა,  რომ პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაღრმავება მაქსიმალურად ხელს შეუწყობს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების განმტკიცებას ორ ქვეყანას შორის და ის ფაქტი, რომ ორივე ქვეყნის პარლამენტში მეგობრობის ჯგუფები დაფუძნებულია, საპარლამენტო თანამშრომლობის ინტენსიფიკაციისთვის უკვე კარგი საფუძველია.

პარაგვაის მხარემ დიდი მადლობა გადაუხადა საქართველოს, ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციის გამოგზავნისთვის, პარაგვაის პრეზიდენტის, მარიო აბდო ბენიტესის ინაუგურაციაზე დასასწრებად, რომელიც 15 აგვისტოს გაიმართა. ,,ჩვენ ეს არასდროს დაგვავიწყდება, მომავალში ჩვენ ყოველთვის გავითვალისწინებთ თქვენს ამ ძალიან მეგობრულ ჟესტს''-აღნიშნა პარაგვაელმა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან.