საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ კვიპროსში ბიზნეს სემინარი გაიმართა

საქართველოს საელჩოსა და საქართველო-კვიპროსის ბიზნეს კლუბის -  Cyprus Georgia Business Club  ორგანიზებით, კვიპროსის რესპუბლიკის ქალაქ ლიმასოლში, რომელიც ქვეყნის მთავარი ინდუსტრიული ბიზნეს ცენრტია,  საქართველოს საგადასახადო და საინვესტიცო საკითხებზე რიგით მეორე ბიზნეს სემინარი „Tax incentives and investments in Georgia“ გაიმართა.

სემინარის ფარგლებში, მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია საქართველოს საგადასახადო პოლიტიკის, თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ფუნქციონირების, საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე რეფორმების, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ. სემინარის  ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე  პრეზენტაცია გამართა.

ქართულ და კვიპროსელ ბიზნეს წრეებს  შორის ბოლო პერიოდის განმალობაში აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 19 აპრილს, კვიპროსის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა პირველი მასშტაბური ბიზნეს ფორუმი.

სემინარს 50-ზე მეტი ის კვიპროსული კომპანია დაესწრო, რომლებიც საკონსულტაციო, უძრავი ქონების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და სხვა სფეროებში მუშაობენ.

გარდა იმისა, რომ კვიპროსის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში 2015 წლიდან საქართველი-კვიპროსის ბიზნეს ასოციაცია ფუნქციონირებს, 2019 წლის მარტში, საქართველოს საელჩოსა და საკონსულტაციო კომპანიის IBC Corporate Solutions ინიციატივითა და თანამშრომლობით, დაარსდა საქართველო- კვიპროსის ბიზნეს კლუბი, რომელშიც უკვე 40- ზე მეტი კომპანიაა გაერთიანებული. კლუბის დაარსების მიზანი იყო ბიუროკრატიული მექანიზმებისგან მაქსიმალურად თავისუფალი კომუნიკაციის დამყარება ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორებს შორის და კონკრეტული პროექტების ეფექტიანი დაწყება- განხორციელება.