საქართველოს ელჩმა პორტუგალიის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

29.03.2019 პორტუგალია- საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, პორტუგალიის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში (Portuguese Industrial Association – Chamber of Commerce and Industry (AIP-CCI)) გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რევაზ ბეშიძის პრეზენტაცია საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს, ასევე ტურისტული შესაძლებლობების შესახებ.

საქართველოს ელჩმა ისაუბრა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის, საგარეო ვაჭრობის, საერთაშორისო რეიტინგებისა და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შესახებ, ასევე ეკონომიკური ზრდის პრიორიტეტულ სექტორებზე და მათი განვითარების გზებზე. კერძოდ, ენერგეტიკის, ტრანსპორტის სატრანზიტო პოტენციალის ზრდისა და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესების შესახებ. ასევე ელჩმა ისაუბრა  მომსახურების სექტორის - ტურიზმის შემდგომი განვითარების, სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის, პრიორიტეტული საექსპორტო სექტორების განვითარების, ბუნებრივი რესურსების პოტენციალის ათვისების, ინოვაციური წარმოებებისა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარების თაობაზე. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობას.

ღონისძიება, რომელიც პორტუგალიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ჟორჟ პაიშმა გახსნა, ესწრებოდნენ პორტუგალიური კომპანიების წარმომადგენლები.
დასასრულს, გაიმართა ქართული ღვინის დაგემოვნება.