საქართველოს ელჩები სახელმწიფო სააგენტოების ხელმძღვანელებს შეხვდნენ

22.12.2018, თბილისი - „ელჩების კონფერენცია 2018-ის“ ფარგლებში საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები ანაკლიის განვითარების კონსორციუმის, პროექტ „ანაკლია სითისა“ და „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

ქართველი დიპლომატებისთვის გამართულ პრეზენტაციებზე ელჩებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ფონდ „აწარმოე საქართველოში“ საქმიანობის შესახებ. დეტალურად იქნა განხილული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საინვესტიციო და ეკონომიკური პოტენციალი. მისი მნიშვნელობა საქართველოს სატრანსპორტო სატრანზიტო რეგიონალური ჰაბის პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდაში. აღინიშნა, რომ მშენებლობის პირელი ეტაპის დასრულების შემდეგ შეიქმნება 2000-ზე მეტი სამუშაო ადგილი რაც გაცილებით გაიზრდება პროქტის დასრულების შემდეგ.

„აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა ქართველ დიპლომატებს გააცნო მომავალი წლის ღონისძიებების დეტალური კალენდარი და აღნიშნა, რომ საქართველოს ცნობადობისა და საინვესტიციო პოტენციალის საზღვარგარეთ სრულად გამოყენებისთვის მნიშვნელოვანია ერთობლივი მუშაობა. ამ მიზნით სააგენტოში „აწარმოე საქართველოში“ შექმნილია გზამკვლევი, რომელშიც მოცემულია ყველა ის ძირითადი ინფორმაცია, რომელიც დააინტერესებს პოტენციურ ინვესტორებს. ხაზი გაესვა პროექტის „გადაიღე საქართველოში“ მნიშვნელობას, რომლის მიზანი საქართველოში კინო ინდუსტრიის განვითარება და უცხოური დაფინანსების მოზიდვაა.

შეგახსენებთ, რომ „ელჩების კონფერენცია 2018“ 2018 წლის 18-21 დეკემბერს გაიმართ და მასში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.