საქართველოს ელჩი ალთინგის თავმჯდომარეს შეხვდა

15.11.2019 ისლანდია - დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა გიგი გიგიაძემ შეხვედრა გამართა ალთინგის თავმჯდომარე სტაინგრიმურ სიგფუსონთან.

საუბრის დროს აქცენტი გაკეთდა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე. განხილულ იქნა საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტების შესაძლებლობები. სიგფუსონმა ხაზი გაუსვა ბალტიურ-ნორდიკული თანამშრომლობის ფარგლებში ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების მიერ საქართველოში ერთობლივი ვიზიტის დროს მიღებულ დადებით შთაბეჭდილებებს.
ალთინგის თავმჯდომარე დაინტერესდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებით და ხაზი გაუსვა საკითხის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მეტი ყურადღების გამოჩენის აუცილებლობას.
საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ განხორციელებულ მილიტარიზაციასა და არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. ასევე, ალთინგის თავმჯდომარეს ინფორმაცია მიეწოდა ე.წ. "ბორდერიზაციის" პროცესისა და კონფლიქტის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებიდან საქართველოს მოქალაქეების გატაცების გახშირებული შემთხვევების შესახებ.
საუბრის დროს განხილულ იქნა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები და ამ კუთხით ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები. ასევე, აქცენტი გაკეთდა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საქართველოსა და ისლანდიას შორის თანამშრომლობასა და ურთიერთმხარდაჭერაზე.
საქართველოს ელჩმა სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა ალთინგის საპატიო სტუმართა წიგნში.