გიორგი დოლიძე ახალი ზელანდიის პარლამენტის წევრების წინაშე მოხსენებით წარსდგა

26.09.2019 ახალ ზელანდია - სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრალიის თანამეგობრობაში, გიორგი დოლიძე მოხსენებით წარსდგა ახალი ზელანდიის პარლამენტის წევრების წინაშე. შეხვედრას ესწრებოდნენ: ახალი ზელანდიის პარლამენტის ევროპასთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეები, წარმომადგენელთა პალატის ვიცე-სპიკერი, ენ ტოლი და მარია ლუბეკი, ასევე, ჯგუფის წევრი სხვა პარლამენტარები.
 
ელჩმა ფართოდ ისაუბრა საქართველოს საშინაო და საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, არსებულ ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და საინვესტიციო გარემოზე და პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის ახალ ზელანდიასთან, ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე. ახალ ზელანდიელმა პარლამენტარებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებულ მძიმე ვითარების შესახებ. ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ პროვოკაციულ და უკანონო ქმედებებზე, ისევე როგორც რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების რეგულარულ დარღვევებზე. ხაზი გაესვა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების და ამ ფაქტებზე საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო გამოხმაურების აუცილებლობას.
 
ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა, ასევე, შეხვედრა გამართა ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს ევროპის განყოფილების დირექტორთან, რობ ტეილორთან, რომლის ფარგლებშიც, განიხილეს საქართველოსა და ახალ ზელანდიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები.