საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ფონდის (AZPROMO) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

25.02.2019 აზერბაიჯანი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ფონდის (AZPROMO) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან იუსიფ აბდულაევთან.
 
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო, მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობის პარალელურად, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ კავშირების გაღრმავებას სავაჭრო, ეკონომიკურ სფეროებში. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ ქ. ბაქოში დაგეგმილ საქართველო-აზერბაიჯანის სამთავრობოთაშორისო ეკონომიკური კომისიის მე-8 სხდომის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ერთობლივი ბიზნეს-ფორუმის გამართვა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსხვილი და საშუალო ბიზნეს-წრეების წარმომადგენლები, რაც ხელს შეუწყობს საქმიან წრეებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებას, ფართოდ წარმოაჩენს ორი ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს შესაძლებლობებს, აგრეთვე კიდევ უფრო გაზრდის ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელს.