საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს შეხვდა

10.10.2018 აზერბაიჯანი- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ  შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარესთან ფუად ნაგიევთან.

შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა  ხაზი გაუსვა ორი მეზობელი ქვეყნის მთავრობებს შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს და  ყურადღება გაამახვილა სხვადასხვა სფეროში არსებულ წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე.
 
საქართველოს ელჩმა  აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის სვანეთში „თეთნულდის“, აგრეთვე მაღალმთიანი აჭარის „გოდერძის“ უღელტეხილზე ახალი სამთო-სათხილამურო კურორტების მშენებლობის და  ალპური ბოტანიკური ბაღის განაშენიანების შესახებ, რასაც არ მოეპოვება ანალოგი კავკასიის რეგიონში.
 
ზურაბ პატარაძემ ასევე  ხაზი გაუსვა აზერბაიჯანელ ტურისტთა რაოდენობის ზრდას საქართველოში, რასაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მომავალი წლიდან  პირდაპირი ავია-რეისის განხორციელება „ბაქო-ბათუმი-ბაქოს“ მიმართულებით.
 
თავის მხრივ, აზერბაიჯანის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ მიულოცა ზურაბ პატარაძეს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩად დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
ფუად ნაგიევმა ინტერესი გამოხატა გაიზიაროს საქართველოს წარმატებული გამოცდილება ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის თვალსაზრისით.
 
მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა ორი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით.