საქართველოს ელჩი ბაჰრეინის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა

15.02.2018 საუდის არაბეთი -საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  საუდის არაბეთში გიორგი ჯანჯღავამ ბაჰრეინის სამეფოში შეხვედრები გამართა სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან საკონსულო საკითხებში- ხალილ ალ ხაიათთან, სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან შეიხ აიშა ალ ხალიფასთან და ბაჰრეინის სამეფოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეიხ ხალედ ალ ხალიფასთან.
 
შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბაჰრეინის სამეფოს შორის არსებული ურთიერთობების დადებითი დინამიკა და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის დიდ პოტენციალს. ხაზი გაესვა ბოლო პერიოდის განმავლობაში სამეფოდან საქართველოში ვიზიტორთა რიცხვის რეგულარულ ზრდას და აღინიშნა, რომ 2017 წლის მონაცმებით საქართველოში ბაჰრეინის სამეფოდან ვიზიტორთა რიცხვმა 5 ათასს გადააჭარბა.
 
მხარეებმა ასევე  ისაუბრეს ბაჰრეინული ავიაკომპანია Gulf Air-ის მიერ საქართველოში რეგულარული ფრენების წარმატებული  დაწყებისა  და მათი საქმიანობის შემდგომი განვითარების შესახებ.
 
აღსანიშნავია, რომ საელჩოს თხოვნით ბაჰრეინული მხარე განიხილავს საქართველოს მოქალაქეებისათვის სამეფოში სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხს.