საქართველოს ელჩი ბელარუსის პრეზიდენტს შეხვდა

5.12.2018 ბელარუსი- ქ. მინსკში, დამოუკიდებლობის სასახლეში, გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვალერი კვარაცხელიას შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ალექსანდრ ლუკაშენკოსთან.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ბელარუსს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს და დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. მხარეებმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე, რა დროსაც ყურადღება გამახვილდა ლოგისტიკის სისტემის გაუმჯობესებისაკენ მიმართულ ინიციატივებზე. საქართველოს ელჩმა ბელარუსის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მინსკში საქართველოს სავაჭრო სახლის გახსნის იდეის მხარდაჭერისათვის, რომლიც 2019 წელს გაისხნება და მასში წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინო და პროდუქცია.

შეხვედრაზე ასევე, ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას სოფლის მეურნეობის დარგში.  ყურადღება გამახვილდა სამედიცინო სფეროში ქვეყნებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე, მათ შორის გამოცდილების გაზიარების მხრივ. აღინიშნა, რომ  ამჟამად საქართველოს სხვადასხვა კლინიკაში წარმატებით საქმიანობს 15 ბელარუსი ქირურგი, ხოლო დაახლოებით 150 ქართველი მედიცინის დარგში პროფესიული განვითარებისათვის ბელარუსში სწავლობს.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს კულტურული და ხალხთაშორისი კავშირები და  მზადყოფნა გამოთქვეს  ხელი შეუწყონ ამ მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებას. ამ მხრივ აღინიშნა საქართველოში ბელარუსი ტურისტების ზრდის ტენდენცია.

ბელარუსის სახელმწიფოს მეთაურმა ელჩს საქართველოში არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა.