საქართველოს ელჩი ესტონეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

8.05.2019 ესტონეთი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ესტონეთის თავდაცვის მინისტრთან, იური ლუიკთან.

შეხვედრაზე თეა ახვლედიანმა შეაჯამა 2015 წლიდან დღემდე, იური ლუიკთან თანამშრომლობის შედეგები და ხაზი გაუსვა მის  ძალისხმევას საქართველოს აქტიური მხარდაჭერის საკითხში; ასევე, ელჩმა განიხილა თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე აქტუალური საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები. თეა ახვლედიანმა ესტონურ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე მიღწეული პროგრესის, უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე საგანგაშო განვითარებების თაობაზე. ამასთან, მან ისაუბრა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე და მიმოიხილა ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების პროცესი.

თავდაცვის მინისტრის მხრიდან მაღალ დონეზე შეფასდა  ორმხრივი თანამშრომლობით მიღწეული შედეგები, მათ შორის ხაზი გაესვა სამხედრო წვრთნებში ერთობლივი მონაწილეობის მნიშვნელობას. იური ლუიკმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ესტონეთის ახალი მთავრობის ურყევი მხარდამჭერი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის,  სუვერენიტეტისა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიმართ.

მინისტრმა საქართველოს ელჩს მადლობა გადაუხადა გაწეული ძალისხმევისა და ქართულ-ესტონური ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.