საქართველოს ელჩი ფიჯის რესპუბლიკას ეწვია

6.03.2019 ფიჯი- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფიჯის რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. კანბერა), გიორგი დოლიძე ქ. სუვაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
 
6 მარტს, გიორგი დოლიძემ შეხვედრა გამართა ფიჯის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუდმივ მდივანთან, იოანე ნაივალურუასთან.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ფიჯის შორის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა და შემდგომში მათი გაღრმავების გზები. იოანე ნაივალურუამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ფიჯის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე ფიჯის მხარის გამოკვეთილი ინტერესი ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებასთან დაკავშირებით.
 
აღნიშნულ კონტექსტში, მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ფიჯის შორის უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმებების გაფორმების მოლაპარაკებათა პროცესის დასრულება, რომელსაც ხელი ხვალ, ქ. სუვაში დაგეგმილი ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში მოეწერება.