საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მეკლენბურგ-წინა პომერანიის ფედერალურ მიწას ეწვია

 2.05.2018 გერმანია - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილი სამუშაო ვიზიტით მეკლენბურგ-წინა პომერანიის ფედერალურ მიწას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩი აღნიშნული მიწის ეკონომიკის, შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს, სამრეწველო-სავაჭრო პალატის პრეზიდენტსა და  პარლამენტის ვიცეპრეზიდენტს შეხვდა.

ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკის, შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრ ჰარი გლავესთან შეხვედრისას  განხილულ იქნა ეკონომიკის სფეროში მეკლენბურგ-წინა პომერანიის ფედერალურ მიწასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. მხარეები არსებული ურთიერთობების გაღრმავებასა და თანამშრობლობის ხელშეწყობაზე შეთანხმდნენ.

ელჩი, ასევე, სამრეწველო-სავაჭრო პალატას ეწვია, სადაც მას პალატის პრეზიდენტმა, ჰანს თონმა და პალატის დირექტორმა, ზიგბერტ აიზენახმა უმასპინძლეს. საელჩოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკაზე, განვითარების ტენდენციებსა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე. საუბარი ასევე შეეხო საგანმანათლებლო სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობებს და საქართველოში დუალური განათლების სისტემის დამკვიდრების ხელშეწყობას.

ვიზიტის ფარგლებში ელგუჯა ხოკრიშვილი, ასევე, მეკლენბურგ-წინა პომერანიის ფედერალური მიწის პარლამენტის ვიცეპრეზიდენტს, ბეატე შლუპს, შეხვდა, რომელმაც ელჩი შვერინის სასახლეში მიიღო. სხვადასხვა ეკონომიკურ და პოლიტიკურ თემებთან ერთად განხილული იქნა ქალაქების დაძმობილების შესაძლებლობაც.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ელჩმა მონაწილეობა მიიღო მეკლენბურგ-წინა პომერანიის ფედერალური მიწის მხატვრული ფილმების რიგით 28-ე ფესტივალის გახსნის ცერემონიაში. საქართველო წლევანდელი ფესტივალის პარტნიორი ქვეყანაა. საქართველოს ელჩი მისასალმებელი სიტყვით წარსდგა დამსწრე საზოგადოების წინაშე, მან ხაზი გაუსვა ქართული კინოს მნიშვნელობასა და ტრადიციებს.