საქართველოს ელჩი ჰანოვერში ქართულ დიასპორას შეხვდა

15.07.2019 ჰანოვერი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილი ქართული დიასპორის წარმომადგენელებს შეხვდა.

ელჩმა ქვემო საქსონიაში თავისი ვიზიტის მიზანზე ისაუბრა, ასევე სახელმწიფოს იმ პროექტებსა და ინიციატივებზე, რომელიც მიგრანტებს უკავშირდებათ. შეხვედრაზე  იმსჯელეს სათვისტომოს წევრებისთვის მნიშვნელოვან კულტურულ, სოციალურ მომსახურებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხებზე.

შეხვედრაზე გამოიკვეთა დიასპორული ორგანიზაციის ინიციატივა საელჩოს მიმართ უშუამდგომლოს ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან რეგულარული შეკრებებისთვის შესაბამისი ფართის მოძიებაში. თავის მხრივ, საქართველოს საელჩომ დიასპორულ ორგანიზაციას გადასცა სახელმძღვანელოები საკვირაო სკოლისთვის.

შეხვედრაზე მკაფიოდ გაჟღერდა მომავალში საელჩოსთან მუდმივი დიალოგის არსებობის სურვილი და თხოვნა, ქვემო საქსონიაში საკონსულო მომსახურების გახსნის შესახებ. შეკრებილებმა ასევე ხაზი გაუსვეს მომავალში არჩევნებში ელექტრონული გზით ხმის მიცემის არსებობის მნიშვნელობას.