საქართველოს ელჩი კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა


 
29.03.2018 კანადა - საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე  კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, მმართველი ლიბერალური პარტიის  წევრს, რობერტ ნოლტს შეხვდა.
 
საქართველოს ელჩმა კანადურ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მძიმე ვითარების შესახებ. კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გამოთქვა მხარდაჭერა საქარველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ. მან ასევე ხაზი გაუსვა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიან მტკიცე პოზიციას.
 
საქართველოს ელჩმა და კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის  პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.შეხვედრაზე კანადურმა მხარემ გამოთქვა მზაობა  კანადის პარლამენტის საგარეო კომიტეტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.
 
შეხვედრის ფარგლებში, ასევე განხილული იქნა   კანადის პარლამენტში საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო  ღონისძიებების  გამართვის შესაძლებლობა.