საქართველოს ელჩი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

19.02.2019 კანადა-  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მაიკლ გრანტს შეხვდა.

საქართველოს ელჩმა და მინისტრის მოადგილემ შეხვედრისას ვენესუელაში არსებული კრიზისი და ლეგიტიმური პრეზიდენტის ხუან გუაიდოს მხარდაჭრის საკითხები განიხილეს.

საქართველოს ელჩმა აცნობა მაიკლ გრანტს, რომ საქართველო მიუერთდა ლიმას ჯგუფის ოტავას დეკლარაციას, რომელიც გმობს მადუროს რეჟიმის ქმედებებს და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას ვენესუელელი ხალხის მხარდაჭერისა და დახმარებისკენ. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და აღნიშნა, რომ  საქართველო ერთ-ერთი პირველია, ვინც ამ დეკლარაციას მიუერთდა.

კონსტანტინე ქავთარაძის განცხადებით, საქართველო დემოკრატიული ღირებულებების ქვეყანაა, ამიტომაც მხარს უჭერს ვენესუელელი ხალხის ბრძოლას დემოკრატიისთვის და მზად არის დაეხმაროს მათ  დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და რეფორმების პროცესში მიღებული გამოცდილების გაზიარების გზით.

ელჩმა აღნიშნა, რომ საჭიროა ვენესუელის დროებით მთავრობას სრული ინფორმაცია მიეწოდოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე, ადამიანის უფლებების  დარღვევებზე, კანადის და სხვა პარტნიორი ქვეყნების პოზიციაზე არაღიარების პოლიტიკისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა კანადის ურყევი მხარდაჭერა  საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართ.