საქართველოს ელჩი კანადის სენ-ჟენის სამხედრო წვრთნის პროგრამის მონაწილეებს ესტუმრა

2.05.2018 კანადა - კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე სენ-ჟენის სამხედრო აკადემიას ეწვია, სადაც  კანადის სამხედრო წვრთნისა და თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში გამართულ კურსებს ქართველი სამხედროები გადიან. ელჩი შეხვდა აკადემიის ხელმძღვანელობას, პროფესორ-მასწავლებლებსა და კურსანტებს.

შეხვედრაზე ელჩმა ისაუბრა საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. აკადემიის ხელმძღვანელობამ ხაზი გაუსვა პროგრამის ქართველი მონაწილეების მაღალ დისციპლინასა და სწავლაში მიღწეულ წარმატებებს.

სენ-ჟენის აკადემიაში უმცროსი ოფიცრების წვრთნისა და განათლების პროგრამის მონაწილე ახალგაზრდა ქართველი ოფიცრები 4 წლიან სწავლების კურსს გადიან. ამავე აკადემიაში ინგლისური და ფრანგული ენების სწავლების 6 თვიან კურსებს ესწრებიან საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. კანადის სამხედრო წვრთნისა და თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში გამართულ კურსებში საქართველო აქტიურად მონაწილეობს.