საქართველოს ელჩი კატარის კულტურისა და სპორტის მინისტრს შეხვდა

26 თებერვალს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კატარის სახელმწიფოში ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა კატარის კულტურისა და სპორტის მინისტრთან სალაჰ ბინ ღანემ ალ ალისთან. საუბარი შეეხო საქართველოს და კატარს შორის კულტურისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.
 
შეხვედრაზე კულტურის მინისტრმა კმაყოფილება გამოხატა საქართველოს და კატარს შორის არსებული მზარდი ორმხრივი ურთიერთობების დინამიკით და გამოთქვა სურვილი ახალი ინიციატივები განხორციელდეს ორ ქვეყანას შორის კულტურის, ახალგაზრდობის და სპორტის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით.
 
 საქართველოს ელჩმა და კატარის კულტურისა და სპორტის მინისტრმა განიხილეს საელჩოსა და კატარის კულტურის ფონდს შორის თანამშრომლობით დოჰაში მ. წ. მაისის თვეში ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ წარმოდგენის გამართვისა და  ნოდარ დუმბაძის ნოველების არაბულად თარგმნისა და გამოცემის საკითხები. აღსანიშნავია, რომ სუხიშვილების წარმოდგენა იქნება ქართული ნაციონალური ბალეტის პირველი გასვლითი კონცერტი არა მარტო კატარში, არამედ ყურის რეგიონში.