საქართველოს ელჩი კოპენჰაგენში ორგანიზებულ კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა

18.11.19 კოპენჰაგენი - დანიის სამეფოში საქართველოს ელჩი გიგი გიგიაძე მოხსენებით გამოვიდა დანიის ინჟინერთა საზოგადოების მიერ (IDA) კოპენჰაგენში ორგანიზებულ კონფერენციაზე - "ჰიბრიდული საფრთხეები: დემოკრატიების დესტაბილიზაცია?". კონფერენცია მიზნად ისახავდა დანიურ ბიზნეს წრეებში ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

საკუთარ მოხსენებაში საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიზნებსა და ამოცანებზე საქართველოსთან მიმართებაში და ისაუბრა რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების კუთხით საქართველოს გამოცდილებაზე. გიგი გიგიაძემ ხაზი გაუსვა საინფორმაციო, კიბერ და ფსიქოლოგიური ომის იმ კონკრეტულ ინსტრუმენტებს, რომელსაც რუსეთი საქართველოში უკვე რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში იყენებს.
დანიური ანალიტიკური და აკადემიური წრეების მიერ რუსეთის ჰიბრიდული ომის ხასიათის შესახებ გაკეთებულმა თეორიულმა მოხსენებებმა, საქართველოს და უკრაინის ელჩების მიერ მოყვანილმა კონკრეტულმა მაგალითებმა, ასევე, ჰიბრიდული საფრთხეების შეკავების ევროპული ცენტრის დირექტორის მიერ გაკეთებულმა პრეზენტაციამ, ხაზი გაუსვა რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეების სიმწვავეს.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა დისკუსიების პანელი, რომელზეც კონფერენციაზე დამსწრე დანიელ ჟურნალისტებს, ბიზნეს და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებს შეეძლოთ შეკითხვები დაესვათ მომხსენებლებისთვის.