საქართველოს ელჩი ლატვიის განათლების მინისტრს შეხვდა

3.05.2019 ლატვია - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეა მაისურაძემ შეხვედრა გამართა ლატვიის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, ილგა შუპლინსკასთან.
 
შეხვედრაზე განხილული იქნა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის ევროკავშირის პროგრამების ფარგლებში. საქართველოს ელჩმა ლატვიის მხარეს მადლობა გადაუხადა სასწავლო სტიპენდიებისთვის, რომელსაც ლატვიის რესპუბლიკა ყოველ წელს გამოყოფს ქართველი სტუდენტებისთვის.
 
თეა მაისურაძემ აღნიშნა,  რომ განათლება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ასევე, ელჩმა მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია განათლების მიმართულებით საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ.
 
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.