საქართველოს ელჩი ლატვიის რესპუბლიკის საეიმას სპიკერს შეხვდა

5.03.2019 ლატვია- საქართველოს  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეა მაისურაძე ლატვიის რესპუბლიკის საეიმას სპიკე, ინარა მურნიეცეს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის, საპარლამენტო ფორმატში. ხაზი გაესვა მე-13 მოწვევის საეიმას ფარგლებში საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის ჯგუფის შექმნას. ასევე აღინიშნა 2017 წელს საქართველოში ნორდიკულ-ბალტიკური რვიანის ქვეყნების (NB8) პარლამენტის სპიკერების შეხვედრა და ამ ფორმატში თანამშრომლობის გაგრძელება.
 
შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა თანამშრომლობის საკითხები ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის, ტურიზმის და კულტურის სფეროში.

ინარა მურნიეცემ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისდამი ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა. საეიმას სპიკერის თქმით, ლატვია მოხარულია საქართველოს დაეხმაროს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ძალიან დიდი პროგრესი აქვს აღნიშნულ პროცესში გატარებული რეფორმების კუთხით. ასევე აღინიშნა საქართველოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. 

საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა საეიმას სპიკერს მტკიცე მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო სანდო პარტნიორია, რომელსაც ლატვიასთან ევროპული დემოკრატიის საერთო ფასეულობები და ღირებულებები აერთიანებს და ურყევად დგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.