საქართველოს ელჩი ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

 
21.11.2019 ლატვია- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში, თეა მაისურაძე ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, სანდის გირგენსს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, "საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ" შეთანხმების ფარგლებში, ასევე საზღვრის დაცვის მიმართულებით.

მინისტრის მიერ აღინიშნა, რომ საქართველო ლატვიისთვის ერთ-ერთი გამორჩეული მეგობარი ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორია; დადებითად შეფასდა ორი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებული თანამშრომლობა და აღინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმების ეფექტიანობა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა გამოცდილების გაზიარების პრაქტიკის გაგრძელების მნიშვნელობას ორივე მხრიდან.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას.