საქართველოს ელჩი ლატვიის საეიმას საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა

24.04.2019 ლატვია - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეა მაისურაძე  ლატვიის საეიმას საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულიქნა ლატვიასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

თეა მაისურაძემ პარლამენტარებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და ამ კუთხით საქართველოში გატარებულ რეფორმებზე, მათ შორის, ეკონომიკური და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით. საუბარი ასევე შეეხო  რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს და საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგებს.

შეხვედრაზე ლატვიელი პარლამენტარების მიერ დადებითად შეფასდა საქართველოს პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. აღინიშნა, რომ საქართველომ სამაგალითო წარმატებებს მიაღწია და კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ნატო-ში და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საკითხზე ლატვიის მტკიცე მხარდაჭერას; დაფიქსირდა ლატვიის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა ლატვიის საეიმას საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის ჯგუფს აქტიური თანამშრომლობისათვის და ხაზი გაუსვა ლატვიის - საქართველოს მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელობას.