საქართველოს ელჩი მალაიზიის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის, Khazanah Nasional-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

26.03.2019 მალაიზია-  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ გამართა შეხვედრა მალაიზიის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის, Khazanah Nasional-ის ახლადდანიშნულ აღმასრულებელ დირექტორთან ინვესტიციების დარგში, ნიკ რიზალ კამილთან.
 
Khazanah Nasional წარმოადგენს მალაიზიის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდს, რომლის მთავარი მიმართულებაა სახელმწიფო აქტივების და კაპიტალის მართვა, ასევე სახელმწიფოს სახელით სტრატეგიული კაპიტალდაბანდებების განხორციელება. Khazanah Nasional მალაიზიის ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ქ. კუალა-ლუმპურში განთავსებული სათავო ოფისის გარდა, Khazanah Nasional-ს მსოფლიოს მასშტაბით გააჩნია 5 რეგიონული ოფისი. საქართველოს Khazanah Nasional ქ. სტამბოლში მდებარე ოფისიდან ფარავს.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და მალაიზიაში არსებული ბიზნეს-საინვესტიციო გარემო, ასევე თანამშრომლობის გაღრმავებისა და საქართველოში რიგ სფეროებში  Khazanah Nasional-ის მიერ ინვესტიციების შესაძლო განხორციელების პერსპექტივები.
 
საქართველოს ელჩმა მალაიზიის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის, Khazanah Nasional-ის ახლადდანიშნულ აღმასრულებელ დირექტორს ინფორმაცია მიწოდა  ქვეყნის ძირითადი საექსპორტო და საიმპორტო პროდუქციისა და საქართველოში არსებული მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შესახებ.