საქართველოს ელჩი სამუშაო ვიზიტით ჩილეს რესპუბლიკას ეწვია

31.05.2019 ჩილე - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ყურაშვილი (რეზიდენციით ქ. ბუენოს-აირესში) სამუშაო ვიზიტიჩილეს რესპუბლიკას ეწვია.
 
ჩილეში ელჩის სამუშაო ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოსა და ჩილეს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებისა და სამომავლო პერსპექტივების განხილვას. ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა გამართა შეხვედრები ჩილეს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 
 
ჩილეს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანთან, პატრისიო ტორესთან  შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებს.
 
ელჩმა ასევე შეხვედრები გამართა ჩილეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორთან, ედუარდო ესკობართან და მულტილატერალური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორთან, რიკარდო ბოსნიკთან.
 
24     მაისს ირაკლი ყურაშვილმა შეხვედრა  გამართა ჩილეში ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს დიპლომატიურ წარმომადგენელთან, გუარეკენა გუტიერესთან. აღსანიშნავია, რომ ჩილე პირველი ქვეყანაა ლათინურ ამერიკაში, რომელმაც ხუან გუაიდო აღიარა დროებით პრეზიდენტად. ქალბატონ გუტიერესს მიეწოდა ინფორმაცია ვენესუელაში მიმდინარე პროცესების მიმართ საქართველოს პოზიციის შესახებ, ვენესუელაში დემოკრატიის აღდგენისათვის მებრძოლი ძალებისადმი საქართველოს არაერთხელ გამოხატული პოზიციის თაობაზე.

გუარეკენა გუტიერესმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას აღნიშნული პოზიციისთვის.