საქართველოს ელჩი სამუშაო ვიზიტით ქ.ვინდჰუკს ეწვია

23.04.2018 ქ.ვინდჰუკი - ნამიბიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (რეზიდენციით ქ. პრეტორია) ბექა დვალი მორიგი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში.

საქართველოს ელჩმა გამართა სამუშაო შეხვედრა ნამიბიის საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის სამინისტროს მუდმივ მდივანთან, სელმა აშიპალა-მუსავისთან. შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოსა და ნამიბიას შორის ურთიერთობების თემატიკა.

ორივე მხრიდან დაფიქსირდა მზადყოფნა გაგრძელდეს ორმხრივი კავშირების განვითარება. სხვადასხვა სფეროში, საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპის სრული დაცვით.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა, ასევე, გამართა შეხვედრები ნამიბიის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან, პროფესორ პიტერ კატჯავივისთან, ნამიბიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მინისტრთან  მარტინ ანდჯაბასთან, ნამიბიის შინაგან საქმეთა და იმიგრაციის მინისტრთან ფრანს კაპოფისთან, ნამიბიის უმაღლესი განათლების, სწავლებისა და ინოვაციების მინისტრთან დოქტორ იტაჯ კანდჯი-მურანგისთან და ნამიბიიის განათლების, ხელოვნებისა და კულტურის მინისტრთან, კატრინა ჰანზე-ჰიმარვასთან.

ნამიბიის და საქართველოს უმარლესი განათლების დაწესებულებებს შორის კავშირების შესაძლო განვითარების საკითხების განსახილველად, საქართველოს ელჩმა, ასევე, შეხვედრები გამართა ნამიბიის ორ წამყვან უმაღლეს სასწავლებელში, კერძოდ, იგი შეხვდა ნამიბიის უნივერსიტეტის პრო-რექტორს ბატონ კენეტ კამვი მუთანგას და ნამიბიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორს, დოქტორ თჯამა თჯივიქუას.