საქართველოს ელჩი თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს შეხვდა

22.05.2019 თურქეთი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან, ჰულუსი აქართან.
 
შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისათვის. ელჩმა ხაზი გაუსვა თავდაცვის სფეროში თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და გამოხატა მადლიერება, წლების განმავლობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების პროცესში თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების დახმარებისათვის.
 
თავის მხრივ, ჰულუსი აქარმა ხაზი გაუსვა თურქეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას როგორც ორმხრივ, ასევ სამმხრივ ფორმატში. აღინიშნა, რომ მ/წლის 26 მაისს, საპატიო სტუმრის სტატუსით, გეგმავს საქართველოში ვიზიტს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასწრების მიზნით.