საქართველოს ელჩი უკრაინის ვეტერანთა საქმეთა, დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს შეხვდა

18.10.2019 უკრაინა - უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე შეხვდა უკრაინის ვეტერანთა საქმეთა, დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს, ოქსანა კოლიადას.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, იმ პრობლემატურ საკითხებზე, რაც განპირობებულია ორ ქვეყანაში დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით და ამ საკითხების გადაწყვეტის გზებზე, განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია და იქ მაცხოვრებლების უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ვითარება. ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ გააცნო მინისტრს საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო ბაზა და მიმდინარე პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებულ პირთა ყოფითი და შრომითი საკითხების მოგვარებას, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ახალ გარემოსთან ადაპტირებას. ოქსანა კოლიადამ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს გამოცდილების გაზიარება და გამოთქვა სამომავლოდ საქართველოს მხარესთან თანამშრომლობის მზაობა.