საქართველოს ელჩი ვანუატუს რესპუბლიკას ეწვია

14.10.2018 ვანუატუს რესუბლიკა - 8-13 ოქტომბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი დოლიძე ( რეზიდენციით ქ. კანბერაში)  ვანუატუს რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი დოლიძემ სამუშაო შეხვედრები გამართა ვანუატუს  მოქმედ პრემიერ-მინისტრთან, ბობ ლაუგმანთან; პარლამენტის სპიკერთან, ესმონ საიმონთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ალფრედ მაოჰთან.
 
ვანუატუს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე განხილული იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები,  საუბარი შეეხო ორმხრივი ვიზიტების დინამიკას,  პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის ხელშეწყობას, საქართველოს გამოცდილების გაზიარებას კარგი მმართველობის, სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების განხორციელებისა და სამოქალაქო სერვისების სფეროში.  ვანუატუს მხარემ კიდევ ერთხელ  დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოს ინიციატივების მტკიცე მხარდაჭერა.  აღსანიშნავია, რომ 2013 წელს საქართველოსა და ვანუატუს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის დინამიურად ვითარდება.