საქართველოს ელჩი ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

12.09.2018 საუდის არაბეთი--საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საუდის არაბეთის სამეფოში, გიორგი ჯანჯღავამ  შეხვედრა გამართა ყურის თანამშრომლობის საბჭოს (Gulf Cooperation Council - GCC) გენერალურ მდივანთან, აბდულატიფ ალ-ზაიანისთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა GCC- ქვეყნებს (საუდის არაბეთი, კატარი, ქუვეითი, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ომანი) და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა. განსაკუთრებით აღინიშნა ყურის ქვეყნებს და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი გააქტიურება და გაღრმავება, მათ შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მზარდი პოტენციალი და შესაძლებლობები.

სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი ასევე შეეხო მიმდინარე წლის ნოემბერში ქ. თბილისში დაგეგმილ GCC-საქართველოს ერთობლივი ბიზნეს ფორუმის კონცეპტუალურ და საორგანიზაციო საკითხებს.

შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ GCC-ს წევრი ქვეყნების დაინტერესება საქართველოს მიმართ სულ უფრო იზრდება, ისინი  წარმოადგენენ საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორებს, ხოლო ხსენებული ბიზნეს ფორუმი უდაოდ შეუწყობს ხელს GCC-ს წევრი ქვეყნების ბიზნეს სექტორის მეტი წარმომადგენლის საქართველოს ბიზნესგარემოთი და საინვესტიციო შესაძლებლობებით დაინტერესებას.  ​