საქართველოს ელჩმა აშშ-საქართველოს შორის კულტურულ დიპლომატიაზე ისაუბრა

27.02.2018 .ვაშინგტონი - ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ბაქრაძემ, გაეროს კულტურული დიპლომატიის შესახებ ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.  ღონისძიება მიეძღვნა თემასგლობალური თანამშრომლობის, ერთიანობისა დამშვიდობის წახალისება კულტურული დიპლომატიის გზით.“

ელჩმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და  აშშ-საქართველოს შორის კულტურული დიპლომატიის 25 წლის ისტორიაზე  ისაუბრა. დავით ბაქრაძემ საკუთარ  გამოსვლაში მიმოიხილა  ის კულტურული, საგანმანათლებლო და გაცვლითი, ჯანდაცვისა და სოციალური პროექტები, რომელთა მიზანია ხალხთაშორისო კავშირების გაღრმავება და ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურება.

„ქართველი ხალხი ამაყია და მადლიერია ამ მიმართულებით უაღრესად აქტიური თანამშრომლობით შეერთებულ შტატებთან - ჩვენს მეგობართან და უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორთან. საუკუნის მეოთხედის მანძილზე , ჩვენ ძალიან მჭიდრო კავშირი ჩამოგვიყალიბდა და მომავალსაც იმ რწმენით ვხვდებით, რომ ჩვენი პარტნიორობა  ქვეყნებს მშვიდობასა და კეთილდღეობას, კიდევ უფრო ღრმა თანამშრომლობასა და მეგობრობას მოუტანს“, აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

კონფერენცია ქ.ვაშინგტონში, კულტურული დიპლომატიის ინსტიტუტის ორგანიზებით,  ბულგარეთის საელჩოში გაიმართა.