საქართველოს ელჩმა ბაჰრეინის მეფეს ჰამად ბინ ისა ალ-ხალიფას რწმუნებათა სიგელები გადასცა

7.03.2017, მანამა - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საუდის არაბეთის სამეფოში, ომანის სასულთნოში, ბაჰრეინის სამეფოსა და იემენის რესპუბლიკაში, გიორგი ჯანჯღავამ ალ-სახირის სასახლეში გამართულ ცერემონიალზე, რწმუნებათა სიგელები გადასცა ბაჰრეინის მეფეს, მის უდიდებულესობა ჰამად ბინ ისა ალ-ხალიფას.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიალის შემდეგ გაიმართა შეხვედრა ბაჰრეინის მეფესა და საქართველოს ელჩს შორის. მეფემ მაღალი შეფასება მისცა ბაჰრეინის სამეფოსა და საქართველოს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს და მზარდ კავშირებს ყველა სფეროში. მან ასევე დადებითად შეაფასა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის საქმიანობა ბაჰრეინთან თანამშრომლობის განვითარების და მეგობრობის ხელშეწყობისა და განმტკიცების საქმეში. თავის მხრივ, საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობას.


რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიალს ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი და სამეფო კარის წარმომადგენლები.