საქართველოს ელჩმა და ოტავას უნივერსიტეტის რექტორმა ოტავასა და თბილისის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობაზე იმსჯელეს

 6.02.2018 კანადა - კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე ოტავას უნივერსიტეტის რექტორს ჟაკ ფერმონტს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ოტავასა და თბილისის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობაზე  და სტუდენტებისა და მკვლევარების გაცვლის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

კონსტანტინე ქავთარაძემ აღნიშნა, რომ 2018 წელს თბილისის უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წელი სრულდება და იმედი გამოთქვა, რომ ოტავას უნივერსიტეტის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ამ თარიღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ საელჩოსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

აღსანიშნავია, რომ ოტავას რექტორის მიწვევით, საქართველოს ელჩი ოტავას უნივერსიტეტში ჩაატარებს ლექცია-პრეზენტაციას საქართველოს შესახებ, რომლის შემდეგაც გაიმართება მიღება ქართული ღვინითა და კერძებით.