საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

29.03.2018 . ბერლინი - გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში   საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა  გერმანიის ფედერალურ  პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

ოფიციალური ცერემონიის დასრულებისას გაიმართა საქართველოს ელჩის  შეხვედრა გერმანიის პრეზიდენტთან. შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო გაღრმავების პერსპექტივები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ეკონომიკის, ხალხათაშორისი და კულტურის სფეროში საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას. კმაყოფილებით აღინიშნა  2017 წელს, გერმანია-საქართველოს მეგობრობის წლის ფარგლებში ჩატარებული საზეიმო ღონისძიებები, ასევე  ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილება. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს და ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო მისიების ფორმატში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის რეზიდენციაში, „ბელვიუს“ სასახლეში გაიმართა.