საქართველოს ელჩმა კოლუმბიაში რწმუნებათა სიგელები გადასცა კოლუმბიის რესპუბლიკის პრეზიდენტს

10.07.2018 -  10 ივლისს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა კოლუმბიაში, (რეზიდენციით ქ. ბრაზილია) დავით სოლომონიამ რწმუნებათა სიგელები გადასცა კოლუმბიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ხუან მანუელ სანტოსს.
 
სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, კოლუმბიის პრეზიდენტმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოს ელჩთან, რომლის ფარგლებშიც დადებითად შეფასდა საქართველოსა და კოლუმბიას შორის არსებული ურთიერთობების დინამიკა და აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია თანამშრომლობის არეალების გაზრდა და კიდევ უფრო გაღრმავება.

ოფიციალურ ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარია ანხელ ოლგინ კუელარი და ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და  პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლები.