საქართველოს ელჩმა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა

25.10.2018 ლატვია- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლატვიის რესპუბლიკაში, თეა მაისურაძემ რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ედგარს რინკევიჩს.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე.  ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების  კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას.
 
კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და  ტერიტორიულ მთლიანობას. დადებითი შეფასება მიეცა საქართველოს პროგრესს და ევროპული დღის წესრიგის ფარგლებში გატარებულ რეფორმებს.
 
თავის მხრივ, საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია და საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს.
 
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კმაყოფილება გამოხატა ორ ქვეყანას შორის არსებული აქტიური პოლიტიკური დიალოგისა და მჭიდრო თანამშრომლობის კუთხით და საქართველოს ელჩს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.