საქართველოს ელჩმა ლიეტუვის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

6.05.2019 ლიეტუვა- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვის რესპუბლიკაში ლევან ღვაჩლიანმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს. პრეზიდენტის სასახლეში გამართული ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, შედგა ელჩის შეხვედრა ლეიტუვის პრეზიდენტთან.
 
შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკას შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას, რომელიც ეფუძნება ჩვენს ხალხებს შორის ტრადიციულად ჩამოყალიბებულ გამორჩეულ მეგობრობასა და მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს.
 
საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისადმი და მიესალმა საქართველოს პროგრესს ევროინტეგრაციის მიმართულებით. შეხვედრის ფარგლებში, ასევე აღინიშნა საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები და ხაზი გაესვა  თავდაცვისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის მნიშვნელობას.
 
დადებითი შეფასება მიეცა მაღალი დონის ვიზიტების დინამიკას და  აღინიშნა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის განხორციელებული მნიშვნელოვანი ვიზიტები. ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას, ლიეტუვის პრეზიდენტმა ასევე დააფიქსირა, რომ საჭიროა გაგრძელდეს არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება   ეკონომიკის, ენერგეტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში.
 
საქართველოს ელჩმა აღინიშნა, რომ ლიეტუვის რესპუბლიკა წარმოადგენს საქართველოს გამორჩეულ პარტნიორს და საქართველო მიისწრაფის არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისაკენ ყველა მიმართულებით. ლევან ღვაჩლიანმა  მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და ამ მიმართებით ლიეტუვის აქტიური პოზიციისათვის. ხაზი გაესვა ლიეტუვის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.ასევე აღინიშნა, რომ ქართული მხარედაინტერესებულია ლიეტუვის რესპუბლიკასთან განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა ორმხრივ ურთიერთობებში არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისა და  საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელების საკითხებზე.
 
შეხვედრის დასასრულს, ლიეტუვის პრეზიდენტმა საქართველოს ელჩს წარმატებები უსურვა  მომავალ საქმიანობაში.