საქართველოს ელჩი მალაიზიაში მრეწველობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

8.10.2019 საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა მალაიზიის მრეწველობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრთან,  დატუკ იგნატიუს დარელ ლეიკინგთან.
 
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და მალაიზიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისა და ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებს შორის კავშირების გაფართოების პერსპექტივები.
 
მინისტრს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული საინვესტიციო პოტენციალის, ლიბერალური ბიზნეს გარემოს, საგადასახადო სისტემის სიმარტივის, საერთაშორისო რეიტინგების, მალაიზიელი ინვესტორებისთვის ეკონომიკის პოტენციურად საინტერესო  დარგების (ტურიზმი და ტურისტული ინფრასტრუქტურა, აგროსექტორი, წარმოება, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ენერგეტიკა), ინვესტორებისთვის გათვალისწინებული შეღავათების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გაფორმების შედეგად წარმოქმნილი შესაძლებლობების შესახებ.
 
მინისტრის განცხადებით, ამჟამინდელი ხელისუფლება მოწოდებულია გლობალური ბაზრების ათვისებით და ხელს უწყობს მალაიზიურ ბიზნესებს უცხოეთში, განსაკუთრებით კი ახალ ბაზრებზე ინვესტიციების განხორციელების და დამკვიდრების საკითხში.  
 
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება თანამშრომლობა ურთიერთმომგებიანი ინიციატივებისა და პროექტების განხორციელების  მიმართულებით.