საქართველოს ელჩმა მალაიზიის ტურიზმის, ხელოვნებისა და კულტურის სამინისტროში შეხვედრა გამართა

31.07.2019 მალაიზია - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ შეხვედრა გამართა მალაიზიის ტურიზმის, ხელოვნებისა და კულტურის სამინისტროს გენერალურ მდივანთან, დატუკ იშამ იშაკთან.
 
შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საქართველოსა და მალაიზიას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებული საკითხები, რა მიზნითაც გაიმართება ერთობლივი კონსულტაციები საელჩოსა და მალაიზიის ტურიზმის, ხელოვნებისა და კულტურის სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტს შორის.
 
შეხვედრაზე, ასევე განიხილეს საქართველოსა და მალაიზიას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების რიგი მიმართულებები. გენერალურ მდივანს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის და ტურიზმის სექტორში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. გენერალურმა მდივანმა გამოთქვა სურვილი, რომ უახლოეს მომავალში ეწვიოს საქართველოს.