საქართველოს ელჩმა მეხიკოს უნივერსიტეტში საქართველოს კულტურისა და ისტორიული წარსულის შესახებ ლექცია წაიკითხა

25.10.2018 მექსიკა -  მექსიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტის - Universidad de Valle de México - მიწვევით, მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ ერისთავმა საქართველოს კულტურისა და ისტორიული წარსულის შესახებ ლექცია წაიკითხა.

საქართველოს ელჩმა საერთაშორისო პროგრამების სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს გააცნო რეგიონის გეო-პოლიტიკური თავისებურებები და ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეთნო-ლინგვისტურ, კულტურულ და ისტორიულ ასპექტებზე. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს პირველი დემოკრატიული  რესპუბლიკის ისტორიასა და  90-იან წლებში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ მოვლენებზე, ასევე  ისაუბრა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე.

შეხვედრაზე ზურაბ ერისთავმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მნიშვნელობაზე და ამ თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე და გატარებულ რეფორმებზე. საქართველოს ელჩმა ვრცლად ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ადამიანის უფლებების კუთხით  შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე.
საქართველოს ელჩმა ასევე მიმოიხილა მექსიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები და იმედი გამოთქვა,  რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო  გაღრმავდება.

შეხვედრის დასასრულს, უნივერსიტეტის რექტორმა, ანალინ კალაპიზმა საქართველოს ელჩს საპატიო სიგელი გადასცა. თავის მხრივ, საქართველოს საელჩოს სახელით, ზურაბ ერისთავმა უნივერსიტეტს გადასცა წიგნები - თანამედროვე ქართველ ავტორთა ნოველები ესპანურ ენაზე და საინფორმაციო მასალა საქართველოს შესახებ.