საქართველოს ელჩმა მონტენეგროსთან უვიზო მიმოსვლის საკითხები განიხილა

1.10.2017 მონტენეგრო - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მონტენეგროში (რეზიდენციით ბუდაპეშტი) ზაზა კანდელაკი სამუშაო ვიზიტით მონტენეგროს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩმა შეხვედრები გამართა მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან პოლიტიკურ საკითხებში ელჩ ზორან იანკოვიჩთან, საკონსულო საქმეთა დირექტორატის გენერალურ დირექტორთან სელიმ ლიკასთან, ასევე მონტენეგროს პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან ბრანიმირ გვოზდენოვიჩთან.

მონტენეგროს მხარესთან გამართულ შეხვედრებზე კმაყოფილებით აღინიშნა ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და განხილულ იქნა თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პერსპექტივები, კერძოდ, მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზების საკითხი, როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო დონეზე, ხაზი გაესვა  მონტენეგროსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შემოღების მნიშვნელობას უახლოეს მომავალში.

აღსანიშნავია, რომ მონტენეგროს მხარე გეგმავს საპატიო კონსულის ინსტიტუტის შექმნას საქართველოში, რაც ხელს შუწყობს ორმხრივი ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას. გარდა ამისა, იგეგმება ბიზნეს ფორუმის ორგანიზება ქართველი და მონტენეგროელი ბიზნესმენების მონაწილეობით.

მხარეები შეთანხმდნენ ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურების აუცილებლობაზე.